თელავში ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება დასრულდა
7 ოქტომბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება დაასრულა.
განახლებული სკვერი მოიცავს როგორც რეკრეაციულ, ისე საზოგადოებრივ სივრცეებს. მოეწყო შადრევნისა და სარწყავი სისტემები, ასევე გამოიყო სივრცეები სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის. ამ ეტაპზე ობიექტზე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე, დაგეგმილია სკვერის მიმდებარედ პიაცის ტიპის საზოგადოებრივი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა.
სკვერის განახლება თელავში ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ურბანული განახლების ნაწილია. პროგრამა ქალაქში ტურისტულად მიმზიდველი არეალების, ქუჩების, შენობების ფასადებისა და სახურავების, კულტურული მემკვიდრეობის მქონე ობიექტებისა და რეკრეაციული სივრცეების განახლებას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია ახალი საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა და არსებული სივრცეების განვითარება.
პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულებულია ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების განახლება. სამუშაოების ფარგლებში წესრიგდება საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, ღობეები და გარე განათების ინფრასტრუქტურა. სამუშაოების მიზანია ქუჩების ურბანული გარემოს გაუმჯობესება და თელავისთვის დამახასიათებელი ისტორიული იერსახის შენარჩუნება და აღდგენა.
ამასთან, გრძელდება ქორწინების სახლის მშენებლობა და მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აბანოს ქუჩისა და ე.წ. „ძველი აბანოს” რეაბილიტაცია-რესტავრაცია, ასევე ჭადრაკის სასახლისა და არსებული სამხატვრო გალერეის რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანია ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება, ქალაქების იერსახის გაუმჯობესება და მათი ტურისტული პოტენციალის გაძლიერება.